სატესტო რეჟიმი
ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე

მდებარეობს სამხრეთ საქართველოში,ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტვკრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ციხის გეგმა კლდოვანი კონცხის მოხაზულობას მისდევს და ბუნებრივადაა მორგებული რელიეფს. იგი ნატებია ნატეხი ქვით. ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით (თავს დაჰყურებს და აკონტროლებს ორ მნიშვნელოვან ხეობას), მის მფლობელ ფეოდალებს აიძულებდა მუდმივად განახლება-მშენებლობა ეწარმოებინათ, ამიტომ ძნელია დღევანდელი ხერთვისი ერთ რომელიმე გარკვეული ეპოქას მივაკუთვნოთ. მისი აგების თავდაპირველი თარიღი უცნობია (ციხე მრავალი სამშენებლო ფენისაგან შედგება, დაწყებული ადრეული ხანიდან XIX საუკუნის ჩათვლით).

ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია. სამხრეთიდან, მტკვრის ხეობის მხარეს, გალავნის მეორე ზღუდეც იყო აგებული (დღეს ამ ზღუდის ნაწილი აღდგენილია). ციტადელი წაგრძელებული კლდის ბუნებრივ გეგმას იმეორებს და მასში რამდენიმე მძლავრი კოშკია ჩაშენებული. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. ხერთვისის ციხე საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.