სატესტო რეჟიმი
ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – ჯვრის მონასტერი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით მტკვრისა და არაგვის შესართავთან კლდოვანი მთის წვერზე.

კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობანი.

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანობის მიღებისთანავე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. ამავე საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ძმების – დემეტრესა და ადარნასესა (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აშენების დრო თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა განმავლობაში მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი რ. გვერდწითელი).