სატესტო რეჟიმი
ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი

ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (16 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავი ნიმუში. გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა "მაცხოვრის" ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207 წლის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196).